ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

კახაბერ ქემოკლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა. მანამდე ის შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

2015-2018 წლებში მან საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

2012 წლის ივნისიდან – 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი /გალი).

2016-2018 წლებში ის ასევე იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის" შეხვედრებზე. დღეიდან კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, რომელიც პრემიერმინისტრის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი იქნება. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მდივნის ფუნქციას, ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი  გიორგი გახარია ასრულებს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

კომენტარები