რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაშს R2-ის დამფუძნებლებისადმი 2017 წლის დაპირება გაახსენეს, მან კი უპასუხა, რომ გაიზარდა

ipress.ge

"მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი" - ასე უპასუხა რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ის რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, ტელეკომპანიის წილის 50%-ს სთავაზობდა. 

დღეს, 30 ივლისს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მან რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის წილის 40% შესთავაზა. სწორედ ამას შეეხებოდა მაესტროს ჟურნალისტის შეკითხვა. 

"რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?" - კითხულობს ხალვაში. 

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. 

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, მან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. 

ხალვაშმა თავისი გამარჯვების აღნიშვნის დროს თქვა, რომ ეს გამარჯვება არამხოლოდ მისი, არამედ დვალისა და აქიმიძისაცაა.

კომენტარები