რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: დვალსა და აქიმიძეს რუსთავი 2-ის 40% შევთავაზე, მაგრამ სიხარული ვერ შევატყვე

რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წილის 40% შესთავაზა. 

ამის შესახებ ხალვაშმა რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეთავაზების შემდეგ დვალსა და აქიმიძეს ბედნიერება ვერ შეატყო და მათგან სხვა შეთავაზება მიიღო. 

"მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები. შევთავაზე რუსთავი 2-ის 40%, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება, საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც რაღაც წინადადება მითხრეს, რომელიც საფიქრალია ჩემი მხრიდან, მოვიფიქრებ. კონკრეტულად არაფერს ვიტყვი. ფიქრის საშუალებას ზღუდავს კონკრეტიკა, მერე ვიტყვი. 

ჩემს შეთავაზებაზე მათი პასუხი იყო, რომ ისინი ამ შეთავაზებას არ იღებენ და თუ რამე სხვა კონკრეტული შეთავაზება გექნება, შემოვივლით და გეტყვითო,"- უთხრა ხალვაშმა ჟურნალისტებს. 

ხალვაშის თქმით, მოლაპარაკებები მასა და რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს შორის გაგრძელდება. 

"მე ერთ რამეს გეტყვით, რა. დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი ადამიანები. აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება. შეიძლება, ბევრჯერ შევხვდეთ,"- ამბობს ხალვაში. 

კითხვაზე, 40%-ის შემთხვევაში გენერალური დირექტორი მაინც პაატა სალია იქნება, თუ არა, ხალვაში პასუხობს, რომ გენერალური დირექტორი 50%-იც რომ შესთავაზოს, მაინც პაატა სალია იქნება. 

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს, თუმცა დვალის თქმით, მას არავინ შეხმიანებია. ამ განცხადების შემდეგ მას ქიბარ ხალვაში დაუკავშირდა და მხაარებს შორის შეხვედრა დაიგეგმა. 

კომენტარები