რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: ან მოგვცემენ ბერკეტს ან ჩავთვლით, რომ R2 კიდევ ერთხელ წაგვართვეს, ისევ ხალვაშის ხელით

"თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას ქიბარ ხალვაშისგან" - ამის შესახებ რუსთავი ორის დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. დვალის თქმით, ისინი "ერთი ადამიანის კეთილი ნების, სიტყვის თუ დაპირების ამარა" არიან დარჩენილები, რადგან პროკურატურამ და ხელისუფლებამ რუსთავი ორის დამფუძნებლებს ბრძოლის სამართლებრივი ბერკეტი დააკარგინა.

დავით დვალის თქმით, ის და ჯარჯი აქიმიძე პაატა სალიას შეხვდნენ, თუმცა, ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით არ უნახავთ. 

"მოგეხსენებათ, ქიბარ ხალვაშმა გარკვეული დროის წინ საქვეყნოდ თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში დაგვითმობდა წილს და ჩვენც კვლავ დავიბრუნებთ რუსთავი 2-ს. ეს დაპირება არ დაკონკრეტებულა იმის შემდეგ. ჩვენ არ გვქონია შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან. გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა პაატა სალიასთან, რომელიც ჩვენ უფრო მივიღეთ როგორც შესამზადებელი შეხვედრისთვის. სავარაუდოდ, ჩვენ შევხვდებით ქიბარ ხალვაშს და ვილაპარაკებთ ამ თემაზე. ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, რაც მაშინ ითქვა, იმის მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ქვეყანაში.

ჩვენი ღრმა რწმენით ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიდის, და არა იქით, საითაც სასურველი იყო. ჩვენ გვინდოდა, გვესახებოდა, რომ იქნებოდა მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი დასავლეთი, მეტი დასავლური ფასეულობა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ხდება ბრძოლა თავისუფალ სიტყვასთან, ძლოიერდება ეს ბრძოლა, ხდება ბრძოლა დასავლურ ფასეულობებთან და ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს.

ჩვენთვის ძალიან პრინციპულია. როცა მე, ჯარჯი და ეროსი ტელევიზიას ვაარსებდით, ძალიან მკაფიო ფასეულობები გვქონდა მაშინაც და დღესაც. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის დასავლური ცილიზაცია, თავისუფალი საზოგადოებით, მდიდარი, დემორატიული, სამართლიანი სისტემით" - თქვა დვალმა.

რუსთავი ორის დამფუძნებელი დაუშვებლად მიიჩნევს ტელეკომპანიის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას.

"რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. არ ვგულისხმობ იმ პარტიულ ფონს, რომელიც ახლავს და მგონია, რომ მარტივად მოხსნადია და მე თვითონ ჟურნალისტებისგანაც ვიცი, რომ ბევრს რაღაც პარტიული მიმართულება თვითონაც ცოტა მობეზრებული აქვთ. ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით, როგორიც არის რუსთავი 2, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ძნელია ვთქვათ, ხალვაშთან შეხვედრაზე რა მოხდება. ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ, როცა შეხვედრა გვექნება ქიბარ ხალვაშთან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. გვაქვს მკაფიო წითელი ხაზი, რომლის იქით ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას, ეს არ იქნება არც ფინანსური კომპენსაცია და არც არაფერი. უბრალოდ, ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ რუსთავი ორის სვლა სწორი მიმართულებით ან ჩვენ ჩავთვლით, რომ რუსთავი ორი კიდევ ერთხელ წაგვართვეს. კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და სამწუხაროდ, ისევ ქიბარ ხალვაშის ხელით" - თქვა დავით დვალმა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს.

კომენტარები