თიბისი ბანკის საქმე

ეს ამტკიცებს რომ ივანიშვილი პანიკაშია — ფადი ასლი თიბისი ბანკის საქმეზე

ტაბულა

"მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება ფულის გათეთრების ბრალდებით, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის, პოლიტიკური სტაბილურობისთვის და თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც". — ასე ეხმაურება ტაბულასთან საუბარში, თიბისი ბანკის საქმეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ფადი ასლი.

ტაბულასთან საუბარში, ასლი აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების სამართლებლივი დევნა, პოლიკურად მოტივირებულია და მიზნად მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ამბიციების განეიტრალებას ისახავს.

"ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა თიბისის საქმე და პროკურატურის ბრალდებები, თუმცა ჩვენი სამართლებრივი შეფასებით, 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციები არ შეიცავს ფულის გათეთრების არანაირ ნიშნებს. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომლის მიზანია ხაზარაძის როგორც, მომავალი პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალება".

ფადი ასლის აზრით, საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და სწორედ, ის მართავს პროცესს. ასლის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია და თიბისის დამფუძნებლებისთვის წარდგენილი ბრალი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. 

"ამ საქმით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გენერალური პროკურატურა და საქმეში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებები ბიძინა ივანიშვილის პირად მითითებებს ასრულებენ".

ტაბულასთან საუბარში ფადი ასლი, ასევე, შეეხო ანაკლიის პორტის თემასაც: "საქმის ამგვარი წარმოება მიმართულია ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად, რათა ხაზარაძეს წაერთვას პროექტი განხორციელების საშუალება და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სხვა დაინტერესებულ პირებს გადაეცეთ".

ასლის შეფასებით, საქმის ამგვარი განვითარება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დააზარალებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც.

კომენტარები