თიბისი ბანკის საქმე

TI: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ ან წერეთელმა ფული გაათეთრეს

ზაზა აბაშიძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. 

"არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად  ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს", — ნათქვამია დასკვნაში. 

ორგანიზაციის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნის მთავარი მიგნებები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:
  • სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
  • თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
  • მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

დასკვნაში ასევე, აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.

კომენტარები