რუსთავი 2-ის საქმე

ზურაბიშვილი R2-ზე: ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

"რაც ეხება რუსთავი 2-ს, ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი". - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პირველი საკითხი, რაზეც პრეზიდენტი ამბობს, რომ "ჩარევის უფლება" არ აქვს, TBC ბანკის საქმე და მისი მფლობელებისთვის ბრალის წარდგენაა.

"რუსთავი 2-ის საქმე არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვენ სასამართლოს მეშვეობით, თუ არა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით".

"ჩემი სათქმელი ამ საკითხზე იყო ჩემს განცხადებაში, რომელიც აღნიშნავდა ერთის მხრივ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოსთვის და ჩვენს რეალობაში, იმითი, რომ აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს არის ისეთი ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად.

მეორეს მხრივ, მე ვთქვი იმავე განცხადებაში, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყო გაჟღერებული, რომ მე ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება" - თქვა პრეზიდენტმა.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები