NGO-ები ხელისუფლებას: კარგად გაიაზრეთ ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას

17 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, TBC ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წარდგენა, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებულ იყოს. მათი განცხადებით, ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ორი კვირის წინ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას.

"უკანონო შემოსავლების ლეგალიზების 11 წლის წინანდელ სავარაუდო ფაქტზე გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის საფუძვლიანობის შესახებ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. მას შემდეგ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე არის ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის თვეში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ღიად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე.

ეს ყოველივე კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიის და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფებების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისათვის.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ეცნობოს რა ეტაპზეა „თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პასუხგაუცემელი კითხვები მნიშვნელოვნად შეაფერხებს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას, როგორც შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით, ისე საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის ნებისმიერი ფორმით შეფერხების შემთხვევაში.

მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საფარი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი 25 ივლისს წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. პროკურატურა ჯერ არ ამბობს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს უწყება. 

2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ კი მას და ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი გაუგზავნა. 

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. 

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ "ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა." 

კომენტარები