გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი იქნება

დომინიკ რააბი
The Mirror

დაუნინგის ქუჩის 10 ნომერში შესვლის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგა.

ცნობილი გახდა, რომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრექსიტის ყოფილი მინისტრი, დომინიკ რააბი იქნება. რააბი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის გამორჩეული მხარდამჭერია. მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს კიდევ ერთი ბრექსითერი, პრიტი პატელი - უგანდური ინდური წარმოშობის ქალი, რომელიც წარსულში საერთაშორისო განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯონსონის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს.

დღეს თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, რომელიც ბორის ჯონსონის მთავარი კონკურენტი იყო კონსერვატორების ლიდერის არჩევნებში. სხვებთან ერთად, თანამდებობები დატოვეს აგრეთვე თავდაცვისა და საერთაშორისო განვითარების მინისტრებმა.

გუშინწინ, 22 ივლისს გახდა ცნობილი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნების შედეგები. 92,153 ხმით ლონდონის ყოფილმა მერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.

ბორის ჯონსონის მთავარი დაპირება იყო, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებდა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.

ჯერემი ჰანტს მიაჩნდა, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები