მას შემდეგ, რაც თემთა პალატაში დასრულდა შეკითხვები პრემიერმინისტრთან, ტერეზა მეიმ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა და ის ბორის ჯონსონმა ჩაანაცვლა. ჯონსონი უკვე ეწვია დედოფალ ელიზაბედ II-ს ბუკინგემის სასახლეში და დაუნინგის ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოდის.
ცოტა ხანში ჯონსონმა ახალი გუნდი უნდა წარადგინოს. იქამდე კაბინეტი რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა, მათ შორის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა რორი სტიუარტმა. მათთვის მიუღებელია ჯონსონის პოზიცია ბრექსიტზე - ახალი პრემიერმინისტრი მზადაა, ევროკავშირი დატოვოს შეთანხმების გარეშე.
გუშინწინ, 22 ივლისს გახდა ცნობილი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნების შედეგები. 92,153 ხმით ლონდონის ყოფილმა მერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.
პარტიის 159,320 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა 87.4%-მა მიიღო.
ჯონსონის მთავარი დაპირება იყო, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებდა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.
ჰანტს მიაჩნდა, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.