დიღმელაშვილი: ჩარკვიანს პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაეხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

ანტისაოკუპაციო აქციების ერთერთი ორგანიზატორი მომღერალ ქეთათო ჩარკვიანს ეხმაურება, რომელმაც აქცია "სირცხვილია" ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო გააკრიტიკა.

"ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება - მეუღლის ჩათვლით - რომ იგი მიისაკუთროს. თუმცა ოკ, თუ არ უნდა ქეთათოს, არ გავუშვებთ. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ჩარკვიანს სამოქალაქი პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაეხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება" - წერს შოთა დიღმელაშვილი.

ორი კვირაა, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

აქციაზე - "სირცხვილია" - ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები სხვა არაერთ მუსიკასთან ერთად, რამდენჯერმე გაუშვეს. 

კომენტარები