თბილისი პრაიდი

ზედელაშვილი: ვასაძის მიმართ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არსებობს

დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

იურისტი, კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი მიიჩნევს, რომ პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, მიმართ გამოძიების დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისი საფუძველი აქვს. 

ამის შესახებ ზედელაშვილი ტაბულას ესაუბრა და განმარტა, რომ ვასაძის მიმართ გამოძიების დაწყება და მისი შესაძლო პასუხისმგებლობა არ დაარღვევს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებების მკაცრ კონსტიტუციურ სტანდარტებს.

"ზოგადად, მოწოდების დანაშაულებრიობის განსაზღვრისას "მყისიერი უკანონო მოქმედების საფრთხის" სტანდარტი კონტექსტუალურ შეფასებას მოითხოვს. იმისათვის, რომ დანაშაულის აცილება შესაძლებელი იყოს, მოცემული სტანდარტი ვერ მოითხოვს მოწოდების თანადროულად სამართალდარღვევის დაწყებას. თუ მოწოდებამ სამართალდარღვევა უკვე გამოიწვია, მართლმსაჯულების მიზნებისთვის მოწოდების დასჯას აზრი აღარ გააჩნია, დამდგარი სამართალდარღვევის დასჯაც კმარა. შესაბამისად, " უკანონობის მყისიერი საფრთხის"  სტანდარტის მიხედვით, მოწოდება შეიძლება დაისაჯოს, თუ გარემოებებისა და მტკიცებულებების მიხედვით, ალბათობის ბალანსი მოწოდების შედეგად უკანონო მოქმედებების მყისიერი განხორციელებისკენ იხრება," - ამბობს ზედელაშვილი. 

იურისტი ასევე 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ სიძულვილის ჯგუფების მიერ უმცირესობების მიმართ აქამდე არაერთგზის განხორციელებული ძალადობა და მათი შესაძლო კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან მათი სიტყვისა და შეკრების თავისუფლებების შეზღუდვის საკმარის საფუძველს იძლევა. 

"ლევან ვასაძისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების შემთხვევაში, ამ ჯგუფების აგრესიული ხასიათი, მათი მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის მრავალჯერადი დარღვევა, განსაკუთრებით 14 ივნისს კანცელარიის წინ აქციაზე, ასევე ამ პირებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ უმცირესობების მიმართ აქამდე არაერთგზის განხორციელებული ძალადობა, მათი შესაძლო კავშირი მტრული ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან იძლევა საკმარის საფუძველს, რომ შეიზღუდოს მათი სიტყვისა და შეკრების თავისუფლებები და დაიწყოს გამოძიება,"- თქვა დავით ზედელაშვილმა. 

ლევან ვასაძემ 16 ივნისს ვერის ბაღში გამართულ "კაცების შეკრებაზე" თქვა, რომ ის და მისი თანამოაზრეები "თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან", რომლებიც:

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ". 

ვასაძე ასევე პოლიციაზე ძალადობითაც დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მათი წევრების დაკავებას შეეცდებიან. 

კომენტარები