თაღლითობა

პუტინთან გალას გამო სპექტაკლის გაუქმებისთვის ორნელა მუტის პატიმრობა ემუქრება

იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი, შესაძლოა, დააპატიმრონ, თუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ვახშმობისთვის სპექტაკლის გაუქმების გამო საფასურს არ გადაიხდის. 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

ბრიტანული მედიის ცნობით, ორნელა მუტის 2010 წლის დეკემბერში იტალიის ერთერთ თეატრში სპექტაკლში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მან თეატრს განუცხადა, რომ 3 დღის განმავლობაში ავად იყო, დადგმა გააუქმა და სანკტ-პეტერბურგში გაფრინდა, რათა საქველმოქმედო გალას დასწრებოდა. 

ახლა კი იტალიის უზენაესი სასამართლო მას თაღლითობაში სდებს ბრალს. მუტიმ წარსულში თქვა, რომ მას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

13 ივნისს იტალიის საკასაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსახიობი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პორდენონეს ვერდის სახელობის თეატრს €30,000-ს გადაუხდის, ან 6 თვით ციხეში ჩაჯდება. 

ბრალდების ნაწილში მოყვანილია ორნელა მუტის მიერ წარდგენილი სამედიცინო დასკვნა, სადაც წერია, რომ ის ტრაქეატისგან იტანჯება, აქვს სიცხე და ჩახლეჩილი ხმა. სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ მსახიობს 5-დღიანი დასვენება სჭრიდებოდა, თუმცა დასვენების ნაცვლად, ორნელა მუტი რუსეთში გაფრინდა და საქველმოქმედო გალას რუსეთის პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. საგამოძიებო დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა ის გალაზე დიდი ხნით ადრე მიიწვია. 

როდესაც გალადან ამის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა, მსახიობს თეატრმა უჩივლა. სასამართლო მუტის აფრთხილებდა, რომ თუკი ის თეატრს კომპენსაციას არ გადაუხდიდა, ციხეში მოხვდებოდა. 


64 წლის ორნელა მუტი მთელ მსოფლიოში ცნობილი მსახიობია. ის დღემდე იღებს მონაწილეობას ფილმებსა და სპექტაკლებში. იტალიური მედია წერს, რომ ორნელა მუტის კომპენსაციის გადასახდელად 30 დღე აქვს. 

2015 წელს პირველ სასამართლო პროცესზე მსახიობმა თქვა, რომ მას არ აქვს შესაბამისი თანხები, რომ კომპენსაცია გადაიხადოს. 2 წლის შემდეგ კი უძრავი ქონების სააგენტომ ის და მისი ოჯახი რომში მდებარე სახლიდან გამოასახლა. მუტიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ მას მოსკოვში სახლი აქვს და რუსეთის მოქალაქეობა სურს.

კომენტარები