Freedom House

Freedom House: საქართველოს გამოწვევებია ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობის პრობლემა

საერთაშორისო ორგანიზაციის, Freedom House-ის ხელმძღვანელი კვლევისა და ანალიზის კუთხით, სარა რაპუჩი იმ ორ მთავარ გამოწვევას ასახელებს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. რაპუჩიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა "ამერიკის ხმას“, რომელიც მედიის თავისუფლების შესახებ მის მიერ მომზადებულ ბოლო კვლევას ეხებოდა. "ამერიკის ხმამ“ რაპუჩის საქართველოს შესახებ Freedom House-ის ბოლო კვლევა შეახსენა, სადაც ორგანიზაცია წერდა, რომ "დემოკრატიული ტრაექტორია განვითარების ნიშნებს აჩვენებდა, თუმცა ბოლო წლებში პროგრესი შეჩერდა“. მედიამ რაპუჩის ჰკითხა, თუ რა იყო ამ სტაგნაციის მიზეზი და ამ კუთხით რეგიონში სად დგას საქართველო.

სარა რაპუჩი აღნიშნავს, რომ საქართველო მთელ კავკასიაში საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა მის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას, რის გამოც ქვეყანა გლობალურ დონეზე საშუალო მოთამაშედ რჩება. გამოწვევებს შორის Freedom House-ის წარმომადგენელმა პოლიტიკურ პროცესებში ოლიგარქების გავლენასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობას ასახელებს.

"საქართველო თავის მეზობლებს შორის კარგი მოთამაშეა. ის საუკეთესოა კავკასიაში. საერთოდაც, ჩვენი რეიტინგების მიხედვით, მთლიანობაში ის ევრაზიაშიც საუკეთესოა, მაგრამ ამ ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას და გლობალურად საშუალო დონის მოთამაშეა. ვფიქრობ, ორი მთავარი გამოწვევა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, პირველ რიგში, პოლიტიკურ პროცესებში ოლიგარქების გავლენა და ის ფაქტია, რომ ეს არარჩეული პირები პოლიტიკურ პროცესებს აკონტროლებენ. მეორე გამოწვევა კანონის უზენაესობას ეხება და იმას, რომ ბევრი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ჩარევა სასამართლო სისტემისთვის შეუძლებელს ხდის, იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი,“- ამბობს სარა რაპუჩი.

კომენტარები