მეტროს რეაბილიტაცია

პირველი ივლისიდან მეტრო 23:00 საათამდე იმუშავებს, მერია მეტროში კაბელების გამოცვლას იწყებს

თბილისის მერია

თბილისის მერია მეტროს რეაბილიტაციას იწყებს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, შეიცვლება ძალოვანი კაბელები, ასევე დამონტაჟდება საგვირაბე გამნიავებლები და ვენტილატორები. 

"მეტროში არსებული მდგომარეობა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, რამდენიმე შემადგენლობა უკვე რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს, გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და ამაზეც გვქონდა საუბარი და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილი არის 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დაახლოების 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი ახალი თანამედროვე აისო სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება პირველ ივლისს, პროექტი მზად არის, არსებობს კომპანია, ვინც სამუშაოებს განახორციელებს. 2020 წლის ივლისში დამთავრდება," - ამბობს კალაძე. 

მერის ინფორმაციითვე, პირველი ივლისიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტრო ღამის 12 საათის ნაცვლად მუშაობას, 11 საათზე დაასრულებს. 

"პროექტის განხორციელების დროს მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, იმიტომ რომ კომპანიას და მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესძლებლობა, რომ ნორმალურს პირობებში იმუშაონ. მეტრო ჩვეულებრივად დილის 6 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე დაამთავრებს , ღამით 11 საათზე დაიკეტება. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო კომპანიასთან ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ ინფორმირებულები იყვნენ," - თქვა კალაძემ.

კომენტარები