ხორავას ქუჩის საქმე

შავგულიძე: ხორავას ქუჩის საქმეზე გირგვლიანის მსგავსად გამოძიება არაჯეროვნად მიმდინარეობდა

შალვა შავგულიძე
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, შალვა შავგულიძემ, დავით სარალიძის მკვლელობის საქმე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს შეადარა.

ამის შესახებ შავგულიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

შავგულიძემ აღნიშნა, რომ დღეს მიხეილ კალანდიას დაკავების გადაწყვეტილება ცხადყო, რომ ამ საქმეზე გამოძიება აქამდე სათანადოდ და ჯეროვნად არ მიმდინარეობდა და რომ საქმეზე გაყალბება და ხელის დაფარება ხდებოდა. 

"აი, ვინც საგამოძიებო კომისიის მუშაობას თვალს ადევნებდა, იქ ცხადად ჩანდა, როგორ არ იქნა გამოთხოვილი მაგალითად, იმ ახალგაზრდების ელექტრონული კომუნიკაციის ჩანაწერები, რომლებიც ამ კონფლიქტში დანაშაულამდე იყვნენ ჩართულები. ანუ როგორ ხდებოდა ამის დაგეგმვა მანამდე და დანაშაულის შემდეგაც, ვის რა მონაწილეობა ჰქონდა, რა ჩანს ამ კომუნიკაციებში, როგორ არ იქნა უშუალოდ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი ამოღებული და ა.შ. ანუ ზუსტად ისევე, როგორც გირგვლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდებოდა, ის მოქმედებები, რომლებიც ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია," - ამბობს შალვა შავგულიძე.

შავგულიძის თქმით, გამოძიების არასათანადოდ ჩატარებას მათ შორის ხელისუფლება უწყობდა ხელს. ის ქართული ოცნების იმ წევრების გამონათქვამებს იხსენებს, რომლებიც საგამოძიებო კომისიას მიხეილ კალანდიას შესახებ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

"ამ გამოძიების ასე არასათანადოდ, ტენდენციურად და ცალმხრივად წარმართვას ხელს უწყობდა და მფარველობდა პოლიტიკური ხელისუფლება. გირგვლიანის საქმეშიც ასე იყო და ამ შემთხვევაშიც მე აღვნიშნე, რომ ჩვენ ვხედავდით, რომ კომისიასა და კომისიის იმ წევრებს, რომლებიც რეალურ საკითხებს აყენებდნენ, როგორ ესხმოდნენ თავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, მათ შორის, ანრი ოხანაშვილი და მამუკა მდინარაძე. ესენი იურისტები არიან. რა ბრალდებებს არ უყენებდნენ კომისიის წევრებს, რომ თქვენ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგალითად, კალანდიას შემთხვევაში და ა.შ. ეს მაშინ, როდესაც აი, გავიდა დაახლოებით, ერთი წელი ამ კომისიის მუშაობიდან და დღეს უკვე ხელისუფლება ამბობს, რომ სამართლიანობა დაადგინეს," - თქვა შავგულიძემ. 

4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიებელი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა. 

კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 5 სექტემბერს მოითხოვდა. 

თუმცა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაში მიხეილ კალანდიას დაკავება ერთადერთი რეკომენდაცია არ ყოფილა. ევროპული საქართველოს წევრები მთელი რიგი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდნენ, როგორც პოლიტიკურ, ისე სისხლისსამართლებრივ ნაწილში. 

კერძოდ, საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით. 

კომისია ასევე საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვდა.

კომისია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვდა, სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. 

და ბოლოს, კომისია მოითხოვდა, დამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა, და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დაკავებული თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები