ამბროლაური

11 დღეა, ამბროლაურში, სოფელ ურავის ტყეში 23 წლის კაცს ეძებენ

შსს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარე ტყეში 23 წლის კაცი დაიკარგა. მას 11 დღეა ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო და საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.

უწყების ცნობით, ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე "ლუხუნის" ხეობასა და მთებში ახორციელებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახური და პოლიცია ნიკო ჯელაძის საძიებო და სამძებრო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს. საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა",- აცხადებენ შსს-ში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები