მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: კიევში ხვალ გავფრინდები, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს

მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 29 მაისს, უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში თქვა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა.

"მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი. კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში. კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა ფიქრები არის მათ შორის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს.

უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში" - თქვა სააკაშვილმა.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა. ამ დროს, ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. 

პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს გამოცემული ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. 10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა და როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობის ნებას დართავდა. 

კომენტარები