26 მაისი

ნოდია: სისულელეა, რომ რაკი მთავრობა არ მოგვწონს, დამოუკიდებლობა არ უნდა ვიზეიმოთ

ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გია ნოდია პარტია 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებებს ეხმაურება.

იაგო ხვიჩიამ დაწერა, რომ 1918 წლის 26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა საქართველომ მალევე დაკარგა და შემდგომი 70 წელი საბჭოთა კავშირის მონობაში გაატარა, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით, ამიტომ საზეიმო არაფერია.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ხვიჩიას პასუხად ნოდია წერს:

"პირველი რეაქცია ამის წაკითხვაზე ესაა: ამ ხალხს შიგ ხომ არა აქვს? იაგო ხვიჩიას პირადად სულელად არ ვიცნობ, ეტყობა ჯგუფური პარტიული სიგიჟეა (group-think-ს რომ ეძახიან).

მაგრამ რაკი ამ პარტიას თუნდაც პატარა პროცენტი ადამიანებისა - (ძირითადად, საკმაოდ განათლებული და პატივსაცემი ხალხი) სერიოზულად იღებს, მთლად ხუმრობაშიც არ მინდა გავატარო.

სისულელე პირველი: რახან მაშინ დამოუკიდებლობა ვერ შევინარჩუნეთ, ახლა ის არ უნდა ვიზეიმოთ. კი ბატონო, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ვერ გავუმკლავდით, თუმცა სხვაზე გაცილებით უფრო ვიბრძოლეთ (ბალტიისპირელებმა არც კი იბრძოლეს, ისე დათმეს დამოუკიდებლობა 1940 წელს, არც იმათ უნდა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე?) საქართველოს და რუსეთს შორის სამხედრო ბალანსის განსხვავება და ნულოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა, მე მგონი საკმარისად ხსნის, რატომ ვერ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, ამის გამო თვითგვემა სასაცილოა.

1918 დღის 26 მაისის მნიშვნელობა ისაა, რომ საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ნება გამოხატა, და რომ მან საკმაოდ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა შეძლო, რომლის არსებობა მხოლოდ ძალადობით შეწყდა. 26 მაისის პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი და მორალური საფუძველი იყო იმისა, რომ როგორც კი გარე ძალადობის წნეხი შესუსტდა, დამოუკიდებლობის აღდგენა კვლავ გახდა ეროვნული დღის წესრიგის ნომერ პირველი პუნქტი. ამიტომ დიახ, უნდა ვიზეიმოთ.

სისულელე მეორე: რაკი მთავრობა არ მოგვწონს, დამოუკიდებლობა არ უნდა ვიზეიმოთ. აქაც მიჭირს სერიოზულ ფარგლებში კამათი იმაზე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის მონა ხარ თუ ბიძინასა (სულა არ მგონია თავი ბიძინას მონა, ეს კიდევ სხვა საკითხია). მე მგონი, ამას საფუძვლად უდევს გირჩულ-ანარქისტული გაგება (რომელსაც ლიბერტარიანელობა აბსურდამდე მიყავს და სახელს უტეხს), რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, აპრიორი რეპრესიის იარაღია და რა განსხვავებაა, უცხო დამპყრობლის "მონა" ხარ თუ შენივე არჩეული ხელისუფლების".

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:

"თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

კომენტარები