აშშ-საქართველოს ურთიერთობები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში NDAA-ს განხილვისას საქართველოზე უილსონის შესწორებები მიიღეს

აშშ-ს კაპიტოლიუმი
Stephanie Keith/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) განხილვისას საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი ორი ინიციატივა დაამტკიცა.

უშუალოდ კანონპროექტის ტექსტში შეტანილი პირველი შესწორება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესწავლას ეხება, კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის ნაწილში შეტანილი მეორე შესწორება კი პენტაგონს მიმართავს, რომ ქართულ მხარესთან სამხედრო კონტაქტების განმავლობაში მთავრობასთან პოლიტპატიმრების საკითხიც დააყენოს.

NDAA-ში საქართველოს შესახებ შეტანილ შესწორებაში წერია, რომ აქტის საბოლოოდ მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობას იკვლევს. 

ჩვეულებისამებრ მომდევნო წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის წლიურ ბიუჯეტს, ხარჯებსა და ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავს, აშშ-ს კონგრესი ყოველი წლის დეკემბრის თვეში ამტკიცებს. 

კომიტეტის მიერ დამტკიცებული შესწორება ასევე ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით 5-წლიანი სტრატეგია წარადგინოს, რომელიც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე კონკრეტულ მიზნებს განსაზღვრავს.

ამავე სტრატეგიაში განსაზღვრული უნდა იყოს, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისადმი ერთგული და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ს მთავრობამ ქართულ პროექტებში ინვესტიციების ჩადება. 

კონგრესმენი უილსონის მიერ საქართველოს შესახებ კომიტეტისთვის წარდგენილი მეორე შესწორება ეხება კომიტეტის მიერ მომზადებული იმ ანგარიშის ტექსტს, რომელიც თან უნდა ახლდეს NDAA-ს კანონპროექტს. აღნიშნულ შესწორებაში წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალები კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების უწყვეტად დაკავებებისა და დაპატიმრებების მიმართ.

"კომიტეტი შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების უწყვეტი დაკავებებითა და დაპატიმრებით, რომლებიც საქართველოში ფართოდ მიიჩნევიან პოლიტპატიმრებად, და [კომიტეტი] თვლის, რომ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან და შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი კავშირების დროს წამოჭრილი უნდა იყოს მუდმივად და შესაფერისად მაღალ დონეებზე. შესაბამისად, კომიტეტი თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს, რომ არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრისა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს დეკლასიფიცირებული ანგარიში გადასცეს, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია, თუ როგორ მოხდება საქართველოსთან სამხედრო კონტაქტების დროს პოლიტპატიმრების საკითხის გათვალისწინება." – ვკითხულობთ შესწორების ტექსტში. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) თავისეული ვერსიის მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად პალატის სრულ შემადგენლობას უნდა წარედგინოს. ამის პარალელურად, საკუთარი ვერსია უნდა მოამზადოს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმაც, რაც, თავის მხრივ, სენატმაც უნდა მიიღოს. 

იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი NDAA-ს სხვადასხვა ვერსიებს მიიღებენ, ორივე პალატა ერთობლივად იწყებს ამ ვერსიების თანხვედრაში მოყვანის პროცესს, რის საფუძველზეც კანონპროექტის საერთო, კომპრომისულ ტექსტზე უნდა შეთანხმდნენ. 

ამის შემდეგ სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ საბოლოო ვერსიას კენჭი ხელახლა უნდა უყარონ, მიღების შემთხვევაში კი კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს გადაეგზავნება.

კომენტარები