რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლმა ბრიტანელი მოსწავლე დაასანქცირა კრიპტოვალუტის გათეთრების ქსელის გამოაშკარავებისთვის

17 წლის ბრიტანელი სკოლის მოსწავლე, ალექსანდერ ბროუდერი

რუსეთმა სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც მოსკოვთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის გათეთრების ქსელი გამოააშკარავა.

ალექსანდერ ბროუდერს, ბრიტანეთის კიდევ 4 მოქალაქესთან ერთად, რუსეთში შესვლა აეკრძალა და მიიჩნევა, რომ ის კრემლის მიერ სანქცირებული ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბროუდერს "რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ ცილისმწამებლური სპეკულაციებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში" დასდო ბრალი.

კრემლმა ბრიტანელი მოსწავლე 2 ივნისს დაასანქცირა, მას შემდეგ, რაც მან ანალიტიკური ცენტრისთვის დაწერილ ანგარიშში გამოააშკარავა, თუ როგორ ხდებოდა კრიპტოვალუტა "A7A5-ის" მეშვეობით ფულის გათეთრება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსების მიზნით.

ბრიტანელმა მოსწავლემ რჩევები მისცა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას გასულ კვირაში გამოცხადებული ახალი სანქციების პაკეტის მიღებისას, რისი სამიზნეც კრემლის მიერ მხარდაჭერილი "A7 ქსელი" იყო.

ბროუდერმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ეკონომიკის გაკვეთილზე შეიტყო.

"რუსეთს შეუძლია, ჩემი სახელი რა სიაშიც უნდა, იმ სიაში შეიტანოს, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ფაქტებსა და ჩემს სამუშაოს. სანქციები არ მაშინებს, მაგრამ მეუბნება, რომ ნერვს შევეხე და რომ ჩემს სამუშაოს სწორი გავლენა აქვს... უკრაინაში რუსეთის ომი არა მხოლოდ ტანკებითა და რაკეტებით გრძელდება; ეს ფულითაც ხდება და მინდა, რომ ეს ქსელები გამოვამჟღავნო." – განაცხადა მან.

კომენტარები