4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

IPN

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ 8-ს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ ამ ადამიანებმა დანაშაული აღიარეს და საპროცესოს გაფორმებაზე ბრალდების მხარეს თავად მიმართეს.

"გარკვეულ პირობებზე ჩამოვყალიბდებით და ამ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ [...] ჩვენი პოზიციაა, რომ მათ გარკვეული შეღავათი გავუწიოთ იმის გამო, რომ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და ამას გულწრფელად ნანობენ. ამ ეტაპზე, შეთანხმება გვაქვს, რომ ისინი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან. 3-წლიან პირობითზე ვართ ჩამოყალიბებული.

პროკურატურის პოზიციაა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და განცხადებით მოგვმართავს, რომ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, მზად ვართ, მასთან საპროცესოს გაფორმების თაობაზე ვიმსჯელოთ". - თქვა პროკურორმა.

პირები, რომლებსაც საპროცესო გაუფორმდებათ, არიან: ევა შაშიაშვილი; ალექსანდრე გოგოლაძე; გოჩა ყატაშვილი; სულხან აბრალავა; რამაზ ჯორბენაძე; ჯანდრი თირქია; გენადი კელიხაშვილი და დავით ღურწკაია.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 7 პირს გაუფორმდება. ამის შესახებ 2 ივნისს გახდა ცნობილი.


2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება". მოქალაქეთა ნაწილმა ორბელიანების სასახლის ეზოში ჯებირები მოარღვია - გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

კომენტარები