26 მაისი

ხვიჩია: სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის, როგორც დამთავრდა ეს

იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია დამოუკიდებლობის დღეს და ამ დღის აღნიშვნას ეხმაურება და ამბობს, 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობა საქართველომ 3 წელიწადში დაკარგა, მომდევნო 70 წელი კი მონობაში გაატარა და ახლა სწორედ ამ მონობის შედეგებს ვიმკით.

ხვიჩია ამბობს, რომ ამის გამო "1918 წლის 26 მაისის ზეიმი სასაცილოდ გამოიყურება".

მისივე თქმით, "არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი საქართველოსი თავისი ბიძინათი და მიშათი".

"26 მაისს მოპოვებული დამოუკიდებლობა ჩვენ დავკარგეთ. თან დავკარგეთ ისე რომ მის მერე 70 წელი მონობაში ვიცხოვრეთ.

ამ 70 წლიანი მონობის შედეგია ის, რომ ამ დღეს ისე აღვნიშნავთ, როგორც მანამდე 1917 წლის 7 ნოემბერს.

ამ მონობის შედეგია ის, რომ რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლის რისკის გამო, გავლახეთ და დავხოცეთ ადამიანები, ხოლო ვინც ეს ფირზე აღბეჭდა, დავაპატიმრეთ.

ამ მონობის შედეგია ის, რომ ფაქტობრივად არ გვყოლია ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ჰქონდა გააზრებული, რომ ოდესმე სხვაზე უნდა გადაებარებინა მმართველობა და პოსტსაბჭოთა ძალოვნების გამოყენებით არ უნდა ეცადა მისი შენარჩუნება.

ამ მონობის შედეგია ის, რომ ქვეყნის მმართველებს ტრადიციულად ჯიბეში უზით სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ბიუროკრატია და მათ იყენებენ ადამიანის წინააღმდეგ, თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ამ 70 წლიანი მონობის შედეგია, ისიც რომ პოლიციელს, მოსამართლეს, პროკურორს და ბიუროკრატს ეს ნორმალური ჰგონია.

ქვეყნის დამოუკიდებლობა საზეიმო მაშინაა, თუ ეს ადამიანის თავისუფლების გაზრდასაც მოიცავს სახელმწიფოსგან.

​დღევანდელი საქართველო მხოლოდ იმით სჯობს სსრკ-ს, რომ აქ მაინც მეტი თავისუფლებაა ერთი ადამიანისთვის.

ისე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მონა ხარ, სსრკ-სი თუ დამოუკიდებელი საქართველოსი თავისი ბიძინათი და მიშათი.

ამ მონობის შედეგია, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ვერ შეძლო შეექმნა ერთი პოლიტიკური ლიდერიც კი, რომლის ამბიცია ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება კი არ იქნებოდა, არამედ ვადის გასვლის მერე, ძალაუფლებაზე დემონსტრაციულად უარის თქმა და ისტორიაში წესიერად შესვლა.

ამ მონობის შედეგია ის, რომ ნაცვლად თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწეებისა, ათწლეულებია საშუალო კალიბრის პოსტსაბჭოთა ადამიანები გვაზიან თავზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ არასოდეს მოგვცილდნენ.

26 მაისი ზეიმის დღე არაა, სასაცილოდ გამოიყურება 1918 წლის 26 მაისის ზეიმი, ხო გვესმის როგორც დამთავრდა ეს.

ჩემი აზრით, ეს დღე ჩვენი ისტორიის გააზრების დღე უნდა იყოს და რუსთაველზე ტაშფანდური კი არ უნდა გვქონდეს მოწყობილი, უნდა ვსაუბრობდით იმაზე თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და მართლა დამოუკიდებლები ვართ თუ არა მაშინ, როცა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის მერეც ვერ გაგვირკვევია რა არის ადამიანი და სად არის მისი ადგილი სახელმწიფოში", - წერს იაგო ხვიჩია ფეისბუქზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:

"თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

კომენტარები