კრიმინალი

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო

შსს

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება კასპში, შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედასთან სექსუალური კავშირის გამო.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გოგო ორსულობის მომენტში 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს და უკვე ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგაც იმსჯელებენ კონკრეტული პირის პასუხისმგებლობაზე.

​ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2018 წელს იცოდა, რომ არასრულწლოვანი გოგო დედა გახდა, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. უწყებას გოგოს სახლიდან წასვლისა და მისი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა 2017 წელსაც, თუმცა გამოძიება არც მაშინ დაუწყია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 7 თვის ბავშვის მკვლელობის შესახებ, რაშიც ბრალი არასრულწლოვან დედას ედება, უწყებამ არასათანადო რეაგირებისათვის ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყვიტა. შსს-ში ამბობენ, რომ გენერალური ინსპექცია დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურებრივ გულგრილობას და დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

კომენტარები