უკრაინა

ზელენსკი პუტინს: რუსეთსა და უკრაინას მხოლოდ ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო საზღვარი

New York Post

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის აგრესიის შემდეგ უკრაინას რუსეთთან მხოლოდ ერთი საერთო აქვს - სახელმწიფო საზღვარი. 

ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პასუხად დაწერა. 

"ბევრი ვიფიქრე კერძოდ "ბევრ საერთოზე" უკრაინასა და რუსეთს შორის. რეალობა ასეთია, რომ დღეს, ყირიმის ანექსიისა და დონბასზე აგრესიის შემდეგ, "საერთოებიდან" ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩა - ეს სახელმწიფო საზღვარია. "საერთოა" 2 295 კილომეტრი და 400 მეტრი. და რუსეთმა უნდა დააბრუნოს უკრაინის ყველა მილიმეტრი. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ "საერთოს" ძიებას,"- წერს ზელენსკი. 

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის ექსპორტის აკრძალვა, ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების გადასაცემად პუნქტების გახსნა და უკრაინელების ტყვედ დატოვება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას ხელს არ უწყობს. 

"და ასეთი ურთიერთობებისთვის "ძმურის" წოდებაც არ შეიძლება,"- წერს ის. 

29 აპრილს პუტინმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის "ორმაგ მოქალაქეობაზე" ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ორმაგი მოქალაქეობა ორივე ქვეყანას უფრო ძლიერსა და წარმატებულს ქცევდა. 

"თუკი ჩვენ რუსეთში მცხოვრებ უკრაინელებს პასპორტებს მივცემთ, გარდაუვლად მივაღწევთ მოსალოდნელ შედეგს,"- თქვა პუტინმა. 

კომენტარები