დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების გამო მოხსნეს

გევინ უილიამსონი
EPA

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გევინ უილიამსონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრიდან ინფორმაციის გავრცელების გამო თანამდებობიდან მოხსნეს.

პარლამენტის წევრთა ნაწილი საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. უილიამსონი უარყოფს, რომ ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გაჟონვასთან რაიმე კავშირი ჰქონდა. მან საკუთარ თავს "ვენდეტას მსხვერპლი" უწოდა და შვილების სიცოცხლეზე დაიფიცა, რომ ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებელი არ არის, თუმცა მთავრობაში ამბობენ, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ და საკითხი დაიხურა.

უშიშროების საბჭოს შეხვედრიდან ინფორმაცია Daily Telegraph-ში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო, რომ მიუხედავად უსაფრთხოების რისკებისა, ბრიტანეთი აპირებდა ნება დაერთო ჩინური კომპანიისათვის მონაწილეობა მიეღო ქვეყნის 5G ქსელის შექმნაში.

უშიშროების საბჭოს უილიამსონის გარდა პრემიერმინისტრი, სხვა მინისტრები, შეიარაღებული ძალების და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯერ-ჯერობით ბრიტანეთის მთავრობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია ექნება თუ არა Huawei-ს როლი 5G ქსელის შექმნაში. მათი თქმით გადაწყვეტილება გაზაფხულის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

მიმდინარე თვის დასაწყისში პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე, ქვეყანაში ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, Huawei-ს გაყიდვების დირექტორი დააკავეს.

კომენტარები