კობახიძის კანონპროექტი

კობახიძის კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე, ოპოზიციის მოთხოვნით 14:00 საათამდე გადაიდო

​დღეს პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. კობახიძის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, რომელიც ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა კანონპროექტის განხილვამდე სახალხო დამცველისთვის მოესმინათ, რომელსაც კანონპროექტთან დაკავშირებით სურს პოზიციის დაფიქსირება. იგივეს ითხოვდა პარტიის კიდევ ერთი წევრი, ელენე ხოშტარიაც.

"აგიხსენით რეგლამენტი ქალბატონო ელენე, რეგლამენტი არ წაგიკითხავთ ეტყობა", - უთხრა მას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, ნინო ლომჯარიას შეუთანხმდნენ, რომ მას კანონპროექტის განხილვის შემდეგ მოუსმენდნენ

"ნუ სპეკულირებთ რა, ნუ სპეკულირებთ. თვენი გუშინდელი მოთხოვნა იყო დარიგებულიყო ტექსტი და მერე განგვეხილა. დარიგდა და განიხილება", - თქვა კობახიძემ.

ამას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს სთხოვა ჩარევა.

"კოლეგებო, არ გსურთ მოსმენა? სირცხვილია, საზოგადოება გავაგებინოთ რაზეა საუბარი. გეშინიათ? გეშინიათ ამისი? შენ გაჩუმდი მანდ, ჭკვიანად იყავი რა, ჭკვიანად იყავი-თქო მანდ", - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ე.წ. კობახიძის კანონპროექტზე მომხსენებელია და მის წარდგენას ტრიბუნასთან ელოდა.

ამის შემდეგ ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე გამოვიდა ინიციატივით არ შეეცვალათ დღის წესრიგი, ანუ ჯერ კანონპროექტი განეხილათ და შემდგომ მოესმინათ სახალხო დამცველისთვის, მაგრამ განხილვა გადაედოთ, რადგან დეპუტატებს ცვლილებების გაცნობის საშუალება ჰქონოდათ.

"დარიგებულ დოკუმენტში გადახაზულია გარკვეული პუნქტები, ჩასმულია ახალი პუნქტები, გათვალისწინებულია, როგორც ვხედავ, რამდენიმე რეკომენდაცია. უკაცრავად, მაგრამ დრო რომ ავიღოთ... დღის წესრიგს არ შეცვლით, ნუ შეცვლით, მაგრამ უბრალოდ ავიღოთ დრო, გონივრული დრო, რაც იქნება ჩემთვისაც და ალბათ ჩემი კოლეგებისთვისაც უმრავლესობიდან. 2 საათი მაინც რომ გამოვაცხადოთ შესვენება, ამ შესვენების შემდგომ, როცა გავეცნობით დოკუმეტს და გადავადარებთ პირვანდელ ვერსიას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, შემდგომ განვაახლოთ განხილვა იმ დღის წესრიგით, რომელიც თქვენ გინდათ. ჩემთვის მიუღებელია [დღის წესრიგი], მაგრამ კი ბატონო, გადაწვეტილებას თქვენ იღებთ, უბრალოდ მოგვეცით საშუალება დეპუტატებს, რომ გავეცნოთ ახალ პროექტს", - თქვა კახიძემ.

ამაზე ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ოპოზიციას არ მისცემს პარლამენტის რეგლამენტის და ეთიკის დარღვევის საშუალებას.

პარალელურად, ანრი ოხანაშვილი ხათუნა გოგორიშვილს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა.

"ქალბატონო ხათუნა, დამშვიდდით. წაიკითხეთ, ამდენ დროს ხარჯავთ, წაიკითხეთ", -უთხრა მან დეპუტატს.

საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და სხდომა 14:00 საათზე განახლდება. დეპუტატები თავდაპირველად კანონპროექტს განიხილავენ, შემდეგ კი ამავე ცვლილებაზე სახალხო დამცველის აზრს მოისმენენ.

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

მას ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებენ და "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებენ. გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კრიტიკული დასკვნებიც.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები