კობახიძის კანონპროექტი

NGO-ები: კობახიძის კანონი გავლენიან ჯგუფს სასურველი გადაწყვეტილების შესაძლებლობას აძლევს

პარლამენტი

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და ცვლილებების შინაარსსა და მათი განხილვის პროცესთან დაკავშირებით საკუთარ შემაჯამებელ მოსაზრებებს წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრამ მომავალი ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მართლმსაჯულების ბედზე გადამწყვეტი გავლენა შეიძლება იქონიოს.

"იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში მოსამართლეთა რიცხვი არსებითად უნდა გაიზარდოს, კოალიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას. საზოგადოების ნდობის ნაკლებობის, სისტემაში არსებული კრიზისა და არაჯანსაღი გავლენების მქონე მოსამართლეთა ჯგუფის არსებობის პირობებში, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრამ გადამწყვეტი გავლენა შეიძლება იქონიოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში მართლმსაჯულების ბედზე საქართველოში. კოალიცია საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებდა ამას", - ორგანიზაციები.

ამასთან, NGO-ები განცხადებაში წერენ, რომ ხელისუფლებამ განხილვების პროცესში ვერ აჩვენა ურყევი და მტკიცე პოლიტიკური ნება, შეექმნა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს პროცესში პრაქტიკულ და რეალურ ბარიერებს დაუდგენდა.

"ცვლილებების შემუშავების პრაქტიკულად არცერთ ეტაპზე, პარლამენტმა არ გამოხატა მიმღებლობა ქვეყნის შიგნით გამოთქმული არაერთი სამართლიანი, რაციონალური და დასაბუთებული კრიტიკის თუ შეთავაზების მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ცვლილების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე და კრიტიკული დასკვნების შემდეგ გახდა შესაძლებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.

მიუხედავად კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციაში შეტანილი გარკვეული ცვლილებებისა, კოალიცია არასაკმარისად მიიჩნევს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა.

"მიგვაჩნია, რომ მიღებული კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ გავლენიან ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება კანდიდატებთან დაკავშირებით. საბჭოს დისკრედიტაციის და დეკემბერში წარმართული პროცესის მიმართ არსებული უნდობლობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული ცვლილებები ასევე ვერ ქმნის დამაჯერებლობას სასამართლო სისტემის გარეთ მყოფი ღირსეული კადრებისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი სამართლიან და ობიექტურ პროცესს იხილავენ", - წერია NGO-ების განცხადებაში.

მათივე თქმით, კოალიცია იზიარებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ მოსაზრებებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად რეკომენდაციების ნაწილობრივ გათვალისწინებისა, კვლავ აქტუალურია შემდეგი რეკომენდაციები:

  • კანდიდატის ნომინირება ღია კენჭისყრითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კანდიდატთა წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღება გამორიცხავს გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს შეიცავს. განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ფარული კენჭისყრა, როდესაც ე.წ. „გრძელი სიიდან“ ხდება კანდიდატთა პირველი გადარჩევა მხოლოდ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე.
  • ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. საბჭოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელს, იმ შემთხევაში, როცა თავად არის კანდიდატი, კვლავ რჩება:

- აღნიშნულ პროცესში საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა და პროცესის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება;

- კონკურენტის შესახებ მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, წვდომის შესაძლებლობა.

  • არამოსამართლე წევრთა ადეკვატური ჩართულობის უზრუნველყოფა კანდიდატთა ნომინირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. საბჭოს მიერ კანდიდატის ნომინირებისათვის საჭიროა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობა, რაც მოსამართლე წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე დამატებით, მხოლოდ 2 არამოსამართლე წევრის თანხმობას საჭიროებს, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს. თუმცა, საკანონმდებლოდონეზე არ არის დაკონკრეტებული ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. კოალიციას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს მაღალი სტატუსის შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების მქონე კანდიდატებმა დაიკავონ, მნიშვნელოვანია:

  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესარჩევი კონკურსი წარმართოს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების სრული დაცვით;
  • პარლამენტის ყველა წევრმა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც მათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში აკისრიათ და მხარი დაუჭირონ მხოლოდ ღირსეულ კანდიდატებს;
  • საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროცესის დასაწყისშივე გაკეთდეს განაცხადი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მოხდება მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსის გზით;
  • IX მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური თანამდებობების 50%-ზე მეტი არ შეავსოს.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. კობახიძის კანონპროექტი 1 მაისს დაამტკიცა. მას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 - წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

ცვლილებებს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებდა და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებდა.

კანონპროექტის ბევრი ასპექტი მწვავედ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამაც, რის შემდეგაც მმართველმა გუნდმა რამდენიმე ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იურისტების თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მცირე ნაწილის გათვალისწინება არ ცვლის ზოგად, არასახარბიელო სურათს. 

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები