თათია ლორთქიფანიძე

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას შევიწროებაში ადანაშაულებს

kvira.ge

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას შევიწროებაში ადანაშაულებს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ წარსულში, სხვადასხვა დროს ჯანჯღავამ მას ჰკითხა, "კაცი ხომ არ უნდოდა", აფურთხებდა მის ფეხებთან, ასევე, ორსულობის ტესტის ჩატარება მოსთხოვა. 

ამის შესახებ სპორტსმენმა ქალმა 9 აპრილს მამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთნ და კიდევ ერთ მწვრთნელთან, გელა მახარაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა კვირას პრესკლუბში. 

მათი თქმით, სწორედ ჯანჯღავასთან კონფლიქტის გამო უსამართლოდ არ დაუშვეს ბათუმში ახლა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რაც, თავის მხრივ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გამოტოვებასაც ნიშნავს. 

თათია ლორთქიფანიძე ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, თუმცა, ფედერაციიდან 4 აპრილს შეატყობინეს, რომ ასპარეზობიდან მოხსნილია. 

დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მის შვილს ჯანჯღავასთან კონფლიქტი 2015 წლიდან აქვს და მასთან ვარჯიში რამდენიმე მიზეზის გამო არ სურდა - მისი არაპროფესიონალიზმის, ასევე სწორედ მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის გამო. 

თათია ლორთქიფანიძის თქმით: 

"იყო ტრენერის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ. ორსულობის თემა დამაბრალა, რაც ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო. გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი და ამისათვის ხერხს მივმართე, რომ მშობელი ჩამერია. რა თქმა უნდა, ტრენერისთვისაც უნდა მეთქვა და ამავდროულად ბატონმა კახი კახიაშვილმა ხელწერილი დააწერინა გელას (მახარაშვილს), რომ ვალდებული იყო, თვითონ ჩარეულიყო ამ საქმეში. იყო შემთხვევა, როცა ოთახში შემოვიდა რუსთავში და (მანდ კაცისა და ქალის ურთიერთობაა) თქვა, რომ კაცი ხომ არ გინდაო. ასეთი რაღაც ძალიან მიუღებელი იყო ჩემთვის". 

დიმიტრი ლორთქიფანიძე აზუსტებს:

"ანუ ორსულობის ტესტი უნდა ჩაეტარებინა. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. გელას დააწერინეს ხელწერილი, რომ ის იქნებოდა პასუხისმგებელი, თუ თათია არ ჩაიტარებდა ორსულობის ტექსტს". 

ძალოსნობის ფედერაციაში ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და მიზეზი, რის გამოც თათია ლორთქიფანიძემ ჩემპიონატი გამოტოვა, უდისციპლინობაა

დიმიტრი ლორთქიფანიძე ყვება, რომ 2015 წელს გიორგი ასანიძემ თათიას მოულოდნელად მოსთხოვა 7 კილოს დაკლება - რომ ნაცვლად 64 კილოგრამი წონითი კატეგორიისა, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეასპარეზა. ეს ჯანმრთელობისთვის საშიში იყო, ამასთან შედეგიც ნეგატიური დაიდებოდა. მაშინ ფედერაციის პრეზიდენტთან, კახი კახიაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ საკითხი მოგვარდა და სპორტსმენმა წონა შეინარჩუნა, თუმცა, პრობლემები გაგრძელდა. 

დიმიტრი ლორთქიფანიძე კიდევ ერთ ამბავზე საუბრობს: 

"მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თათიას ევარჯიშა ბატონ გია ასანიძესთან. 9 იანვარ დუშეთში შეკრებაზე ჩემი მანქანით ავიყვანე. დავესწარი კიდეც ვახშამს, თავად მწვრთნელებმა გვთხოვეს, ნახეთ როგორი კვებააო და ა.შ 

ამის მერე მოულოდნელად გია ასანიძე თათიას უცხადებს, რომ ქალთა ნაკრების შეკრება გაგრძელდება რუსთავში და შენ ისევ თემურ ჯანჯღავასთან მოგიწევს ვარჯიში. გია ასანიძემ ამით დაარღვია შეთანხმება, რომელიც მიღებული იყო კახი კახიაშვილთან შეთანხმებით. თათია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯღავასთან ვარჯიში არ უნდოდა, მაინც დაემორჩილა დისციპლინას და წავიდა რუსთავში, სადაც ის აღმოჩნდა ძალიან მძიმე პირობებში.

რას ნიშნავს მძიმე პირობები - გაანახევრეს ის ხარჯი, რომელიც გაწეული უნდა ყოფილიყო ერთ სპორტსმენზე დღეში - 75 ლარის ნაცვლად გადაუხადეს 40 ლარი. 

დაიქირავეს სასტუმრო ახალ რუსთავში, ავარჯიშებდნენ ძველ რუსთავში, ხოლო კვების ობიექტი იყო ე.წ ფასთ ფუდი, რომელიც თავად ბატონ თემურ ჯანჯღავას ურევდა გულს. 

თათია ლორთქიფანიძე იძულებული ხდებდა, თავის ხარჯით შეეძინა ხილი და კვების დანამატები. 

ასევე, არაკვალიფიციური მწვრთნელობის გამო თათიამ მიიღო ტრავმა. 

იმისთვის, რომ ტრავმა დაეფიქსირებინათ, თათია გადაიყვანეს ტატიშვილის კლინიკაში, სადაც დაუდგინდა მენჯ-სახრის ბარძაყში მყესის დაზიანება. 

ამის შემდეგ გელა მახარაშვილი და თათია მიდიან ძალოსნობის ფედერაციაში და ბატონი კახიაშვილისგან იღებენ პირობას, რომ თათია არ ივარჯიშებს ჯანჯღავასთან და ივარჯიშებს თბილისში მძლეოსნობის მანეჟში, სადაც ძალოსნებსაც შეუძლიათ ვარჯიში. 2018 წელს თათიას ჯანჯღავასთან არ უვარჯიშია, ამასთან გაიარა დოპინგ-კონტროლი". 

ამ განცხადებების პასუხად გიორგი ასანიძემ პირველ არხთან თქვა: 

"ჩვენ არავის ვატანთ ძალას. ის არც ერთ შეკრებას და არც ერთი მწვრთნელის მითითებას არ დაემორჩილა. იყო სისტემატური გაცდენა ვარჯიშებზე. მისი მდგომარეობა უკონტროლო გახდა. უფროსი მწვრთნელი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აქვს შანსი მოვიდეს აზრზე და გაიაზროს შენიშვნები. ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, შემდეგ ჩემპიონატებში მონაწილეობა მიიღოს. თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვა. ეს მისთვის ცნობილი იყო 14 მარტს, როდესაც დასკვნით შეკრებაზე არ გამოცხადდა". 

კომენტარები