საქართველოს პარლამენტი

ბოიკოტი ზურაბიშვილს - ევროპულმა საქართველომ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

ევროპულმა საქართველომ, პარლამენტში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, ზურაბიშვილი მასობრივი მოსყიდვის და ძალადობის შედეგად გახდა პრეზიდენტი. 

"იმის გამო რომ ევროპული საქართველოს აზრით, წინა წელს ჩატარებული არჩევნების დროს. ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩეველთა ცინიკურ მასობრივ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევებში პირდაპირ ჩაყრას ბიულეტენების. იმის გამო, რომ ამისთვის არავინ დღემდე დასჯილი არ არის იმ შემთხვევებშიც კი, როცა მტკიცებულებები სახეზეა და ვიდეოზე აღბეჭდილი. იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მეორე ტურისას, განსაკუთრებით წინ წამოწია შავრაზმული, პროპუტინული ძალები და აწარმოა სიძულვილის ძალების დაშინების კამპანია. იმის გამო, რომ ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას და შელახა ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. იმის გამო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ასეთი პროცესის შედეგად არის მოხვედრილი და თავად იქცა სიმბოლოდ ამ ყველაფრის, იმის გამო რომ მისი პირველი ნაბიჯები ამ თანამდებობაზე იყო გაგრძელება უგულვებელყოფის და შეურაცხყოფის ამ საზოგადოების და კოლაბორაციის შავრაზმულ ძალებთან და ნეპოტიზმის. ამ ყველაფრის გამო, ევროპული საქართველო იყენებს საკუთარ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტის და არ დაესწრება ამ სხდომას და ტოვებს დარბაზს",- თქვა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის მოხსენებას არ ესწრება ნაციონალური მოძრაობაც. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. 

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით გამოდის. სხდომას მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც ესწრება.

კომენტარები