კალათბურთი

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და გამარჯვება მადრიდის რეალთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი შედგა. გიორგი შერმადინის უნიკახამ მადრიდის რეალი მიიღო და დრამატულ შეხვედრაში, ოვერტაიმის ბოლო წამებზე ჩაგდებული 3-ქულიანით 103:102 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:52 წუთში 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე და გადამწყვეტი სამქულიანის ავტორი კი უნიკახას უკანახაზელი, ხაიმე ფერნანდესი გახდა 27 ქულითა და 9 ასისტით. 

10 გამარჯვებითა და 9 მარცხით, უნიკახა მე-19 ტურის შემდეგ მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში მალაგელები მანრესას უმასპინძლებენ. 

კომენტარები