აშშ

ტრამპი: როცა ვამბობდი, რომ კედლის ხარჯებს მექსიკა გადაიხდის ჩეკის გამოწერა არ მიგულისხმია

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასში მექსიკასთან საზღვარზე იმყოფებოდა. მან სასაზღვრო კედლის დაფინანსებაზე, მთავრობის დახურვაზე და დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა:

"სრული უფლება მაქვს საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადო." უთხრა მან ჟურნალისტებს.

მან ასევე თქვა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება, რომ კედლის მშენებლობის ხარჯებს მექსიკა გადაიხდიდა არ ნიშნავს, რომ მექსიკა ფულს პირდაპირ გადაიხდის:

"კამპანიისას როდესაც ვამბობდი, რომ მექსიკა გადაიხდის, ცხადია, არასდროს მითქვამს და მიგულისხმია, რომ ისინი ჩეკს გამოწერენ. მე ვთქვი, რომ ისინი გადაიხდიან და ეს ასეცაა." თქვა მან.

"პირდაპირ რომ გითხრათ, ჩინეთი უფრო ღირსეულია ვიდრე მტირალა ჩაკი და ნენსი. მართლა ასე ვფიქრობ." თქვა ტრამპმა დემოკრატიული პარტიის ლიდერებზე, ჩაკ შუმერზე და ნენსი პელოსიზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მთავრობა უკვე 20 დღეა ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. შედეგად 800,000-მდე ფედერალურ სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანი უხელფასოდ მუშაობს ან უხელფსო შვებულებაშია.

დონალდ ტრამპი კონგრესის ლიდერებს გუშინ შეხვდა. პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც მათ სასაზღვრო კედლის დაფინანსებაზე კვლავ უარი თქვეს და მოლაპარაკებებს "დროის ფუჭად კარგვა" უწოდა.

"სასაზღვრო კედელი მალევე დაფარავს საკუთარ ხარჯებს. არალეგალური ნარკოტიკის ხარჯი წელიწადში 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ბევრად აღემატება 5.7 მილიარდს, რომელიც კონგრესისგან მოვითხოვეთ. კედელი არაპირდაპირი გზით იმ ახალი შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებიდან დაფინანსდება, რომელიც მექსიკასთან გავაფორმეთ" თქვა ტრამპმა 9 იანვრის სატელევიზიო მიმართვაში.

ტრამპი დავოსში 22 იანვარს დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსაც აღარ დაესწრება.

კომენტარები