ჩინეთი

ვინი პუჰი, "ბრინჯის ბაჭია", "შეცვალე კონსტიტუცია" - ჩინეთის მთავრობის 2018 წლის აკრძალვები

Getty Images

ჩინეთის მთავრობამ 2018 წელს ინტერნეტ ცენზურა გაამკაცრა და აკრძალული ფრაზების სია გააფართოვა. აიკრძალა ანიმაციური გმირის, Peppa Pig-ის ვიდეოები, მხოლოდ ოქტომბერში წაშალეს სოციალური მედიის 10,000-ზე მეტი ანგარიში. ანგარიშები გააუქმებინეს აქტივისტებს და უნივერსიტეტების პროფესორებსაც.

გთავაზობთ სიას იმ აკრძალვების ნაწილისა, რაც 2018 წელს ჩინეთის მთავრობამ შემოიღო:

კონსტიტუციაში ქვეყნის მმართველისათვის ვადის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ მთავრობამ ფრაზები "შეცვალე კონსტიტუცია", "არ ვეთანხმები", "საკუთარი თავის იმპერატორად გამოცხადება" და "ემიგრაციაც" აკრძალა. იმის გამო, რომ პრეზიდენტ სი ძინპინს ანიმაციურ გმირ ვინი პუჰს ადარებდნენ აიკრძალა ვინი პუჰიც და 2018 წელს გამოსული ფილმი "კრისტოფერ რობინი" ჩინეთში არ აჩვენეს.

მთავრობამ რეგულაციები დააწესა აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომზე, ჩინეთზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის კომენტარებზე და კანადაში Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორის დაკავებაზე კომენტარებზე.

სექტემბერში ეკონომისტმა ვუ სიაპინგმა თქვა, რომ ქვეყნის კერძო სექტორმა საკუთარი თავი ამოწურა და ახლა გვერდზე უნდა გადგეს. სოციალურ ქსელებში ის "ისტორიის უკუსვლით წაყვანაში" დაადანაშაულეს, რის შედეგადაც ფრაზა "მანქანის უკუსვლით წაყვანა" აიკრძალა.

იანვარში ჩინელმა ქალმა უნივერსიტეტის პროფესორი სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში დაადანაშაულა. მისი ისტორიის და პროფესორის დათხოვნის შემდეგ გაჩნდა #MeToo-ს მსგავსი ჩინური ჰეშთეგი #我也是. როდესაც მთავრობამ ჰეშთეგზე ცენზურა დააწესა, ინტერნეტ მომხმარებლებმა მსგავსი ჟღერადობის სიტყვის გამოყენება დაიწყეს, რაც ითარგმნება როგორც ბრინჯის ბაჭია. საბოლოოდ "ბრინჯის ბაჭიაც" დაიბლოკა.

ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუჯიანის პროვინციის სანაპიროსთან C9, დაუმუშავებელი ნავთობი დაიღვარა, რაც ადამიანებისათვის მომწამლავია. ადგილობრივი მაცხოვრებლები სურათებს ავრცელებდნენ და წერდნენ იმ ადამიანების შესახებ, ვინ მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა. თავდაპირველად მთავრობა ამბობდა, რომ ქიმიური ნივთიერების მხოლოდ 7 ტონა დაიღვარა, თუმცა შემდეგ აღიარეს, რომ რაოდენობა 70 ტონამდე აღწევს. მთავრობამ ინცინდენთტან დაკავშირებული ინფორმაცია და ინტერნეტში ძებნის შედეგები დაბლოკა. წაშალეს გავრცელებული ისტორიები და სურათები.

კომენტარები