დონალდ ტრამპი

ტრამპი: მარტო ვარ (საწყალი მე) თეთრ სახლში, ველი დემოკრატების დაბრუნებას მოლაპარაკებისათვის

ABC News

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე სასაზღვრო კედლის შესახებ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე დაწერა:

"მე სულ მარტო ვარ (საწყალი მე) თეთრ სახლში და ველოდები როდის დაბრუნდებიან დემოკრატები, რათა სასიცოცხლოდ აუცილებელ სასაზღვრო უსაფრთხოებაზე შევთანხმდეთ. რაღაც მომენტში დემოკრატების მხრიდან შეთანხმების ვერ მიღწევის სურვილი უფრო მეტი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ვიდრე სასაზღვრო კედლის მშენებლობა, რომელზეც ყველა ვსაუბრობთ. სიგიჟეა!"

"ოვალურ ოფისში ვარ და ახლახანს დავდე 115 მილი სიგრძის კონტრაქტი ტეხასში კედლის კიდევ ერთი დიდი ნაწილის მშენებლობის თაობაზე. ჩვენ უკვე ვაშენებთ და ვაახლებთ კედელს, ნაწილი დასრულებულია. დემოკრატებმა მთავრობის დახურვა უნდა შეწყვიტონ და დაფინანსება დაასრულონ. მილიარდობით დოლარი და სიცოცხლე გადარჩება!" დაწერა მან.

ტრამპის სირიის და საუდის არაბეთის საკითხებსაც შეეხო:

"საუდის არაბეთი დათანხმდა სირიის აშენებისათვის საჭირო თანხა გაიღოს აშშ-ის ნაცვლად. ხედავთ? კარგი არაა როდესაც უსაზღვროდ მდიდარი ქვეყნები მეზობლებს ეხმარებიან, იმის ნაცვლად, რომ დიდმა ქვეყანამ, აშშ-მა, რომელიც 5000 მილის დაშორებითაა, გააკეთოს ეს. მადლობა საუდის არაბეთს!" დაწერა მან.

 

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტში კედლის მშენებლობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო აშშ-ის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა, რის გამოც მთავრობა ნაწილობრივ დახურულია.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პროექტს, რომელიც სენატმა დაამტკიცა, დროებით ხარჯებს მოიცავს და ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადას თებერვლამდე გადაწევს, ხელს არ მოაწერს, რადგან ის სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ მოიცავს.

ამის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის ხარჯებს, 5 მილიარდ აშშ დოლარსაც მოიცავს, თუმცა, სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

მიკ მულვანის, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, თქმით, დახურვა შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს, როდესაც კონგრესი უფლებამოსილების შესრულებას განახლებული შემადგენლობით შეუდგება.

ტრამპმა გასულ კვირას სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას მოაწერა ხელი. მისი თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და ამერიკელი სამხედროები სახლში უნდა დაბრუნდნენ.

 

კომენტარები