სამუშაო კვოტები

ბაქრაძე: დადასტურდა, რომ უცხოეთში ლეგალური დასაქმება ჩემი სრულიად რეალური დაპირება იყო

ევროპული საქართველო

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ მისი საარჩევნო პროგრამის მთავარი კომპონენტი სრულიად რეალური იყო. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად მუშაობის უფლება მისცა.

"აუცილებელია, მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს ამ მიმართულებით. კარგია დღევანდელი შეთანხმება, მაგრამ 650 ადამიანის დასაქმება ზღვაში წვეთია, იმიტომ რომ ასობით ათას ქართველი ემიგრანტის ოჯახს სჭირდება დახმარება. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ გერმანიასთანაც, რომლის კანცლერი თბილისში ყოფნის დროს დაგვპირდა დახმარებას, უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირთანაც... უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი და დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ეს იყო სრულიად რეალური და განხორციელებადი დაპირება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების ლეგალური დასაქმების საკითხი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ევროსაბჭოშიც დააყენა.

კომენტარები