შოთა არველაძე

შოთა არველაძე: "როცა "აიაქსში" გადავედი, მისტერ ბინი შემარქვეს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე elfvoetbal.nl-ს ესაუბრა. საქართველოს ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ამსტერდამის "აიაქსში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"აიაქსში" ისე მოვედი, როგორც ყველასთვის უცხო ფეხბურთელი. ეგონათ, რომ დუბლშემადგენლობაში უნდა მეთამაშა. იმ დროს, ინტერნეტი იშვიათ ოჯახებში იყო. საუბარი აღარაა სოციალურ ქსელებზე. "აიაქსის" მოთამაშეებმა არც კი იცოდნენ, ვინ ვიყავი. გუნდში მისვლის შემდეგ, თავდამსხმელმა მარტინ როიზერმა მისტერ ბინი შემარქვა. არც ვიცოდი, ვინ იყო ეს პერსონაჟი. მოგვიანებით, ტელევიზორში ვნახე და ბევრი ვიცინე. მქონდა კიდევ ერთი მეტსახელი - Showtime Arveladze, რომელიც ჩემი თამაშიდან გამომდინარეობდა.

აშკარად ვგრძნობდი, რომ "აიაქსში" პატივს მცემდნენ. 1997 წლის შემდეგ, გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, რომლებმაც საბოლოოდ დიდი ფეხბურთი ითამაშეს. მათ შორის იყვნენ რაფაელ ვან დერ ვაარტი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრისტიან კივუ, მაქსველი, ვესლი სნეიდერი, ჯონი ჰეიტინგა და სხვები. მათთვის ჩემთან ერთად თამაში დიდი პატივი იყო (იცინის).

"აიაქსიდან" ისე ლამაზად ვერ წამოვედი, როგორც მინდოდა, რადგან ეჭვობდნენ, რომ გადასახადებს ვმალავდი. მაშინ ცუდი პერიოდი მქონდა. "აიაქსთან" კონტრაქტი კიდევ წელიწადი მაკავშირებდა, მაგრამ იქ თამაშის უფლება აღარ მომცეს. ამის გამო, "რეინჯერსში" გადავედი. გლაზგოში კარგი წლები გავატარე, მაგრამ "აიაქსი" ჩემს გულში დარჩა. შოტლანდიაში თამაშისას, "აიაქსში" დაბრუნების შანსი კიდევ ერთხელ მომეცა. ჩემი დამატება მაშინდელ მწვრთნელ დენი ბლინდს სურდა, მაგრამ კლუბმა ჩემს ნაცვლად შვედი მარკუს როზენბერგი იყიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. საბოლოოდ, "ალკმაარში" გადავედი და იქაც სასიამოვნო პერიოდი გავატარე".

შოთა არველაძემ "აიაქსში" 124 მატჩი ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა. "ალკმაარის" მაისურით, მან 89 შეხვედრაში 48 ბურთი ჩაიწერა აქტივში.

კომენტარები