უკრაინა-რუსეთი

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: აზოვის ზღვის პორტებში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

Reuters

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვოლოდიმირ ომელიანმა თქვა, რომ რუსეთმა აზოვის ზღვაზე უკრაინის პორტებს, ბერდიანსკისა და მარიუპოლს ბლოკადა ნაწილობრივ მოუხსნა.

"ბერდიანსკის და მარიუპოლის პორტები ნაწილობრივ გახსნილია. ხომალდები ახერხებენ იქ შესვლას და გამოსვლას ქერჩის სრუტის გავლით. მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია." თქვა მან.

გასულ კვირას ომელიანმა თქვა, რომ აზოვის ზღვის ორი უკრაინული პორტი, ბერდიანსკი და მარიუპოლი რუსეთმა ბლოკადაში მოაქცია და იქ ხომალდებს აღარ უშვებს.

მისი თქმით ჯამში რუსეთმა უკვე 35 ხომალდს არ მისცა პორტებში შესვლის უფლება მაშინ, როდესაც რუსულ პორტებში ხომლადები უპრობლემოდ შედიან.

"მიზანი მარტივია: აზოვის ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადით რუსეთს სურს უკრაინა საკუთარივე ტერიტორიიდან გააძევოს - ტერიტორიიდან, რომელიც ჩვენია ყველა რელევანტური საერთაშორისო კანონის მიხედვით." დაწერა მან საკუთარ Facebook-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, დატყვევებული უკრაინელი სამხედროების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და მათი გათავისუფლება არ განიხილება. 

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

უკრაინამ რუსეთი აზოვის ზღვაზე სრული კონტროლის გავრცელების მცდელობაში და უკრაინულ პორტებში გემების არ შეშვებაში აგვისტოშიც დაადანაშაულა.

კომენტარები