უკრაინა-რუსეთი

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: რუსეთმა აზოვის ზღვის პორტები ბლოკადაში მოაქცია

Getty

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვოლოდიმირ ომელიანის თქმით აზოვის ზღვის ორი უკრაინული პორტი, ბერდიანსკი და მარიუპოლი რუსეთმა ბლოკადაში მოაქცია და იქ ხომალდებს აღარ უშვებს.

მისი თქმით ჯამში რუსეთმა უკვე 35 ხომალდს არ მისცა პორტებში შესვლის უფლება მაშინ, როდესაც რუსულ პორტებში ხომლადები უპრობლემოდ შედიან.

"მიზანი მარტივია: აზოვის ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადით რუსეთს სურს უკრაინა საკუთარივე ტერიტორიიდან გააძევოს - ტერიტორიიდან, რომელიც ჩვენია ყველა რელევანტური საერთაშორისო კანონის მიხედვით." დაწერა მან საკუთარ Facebook-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში პოროშენკომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს აზოვის ზღვის ოკუპაცია სურს და ნატო უკრაინას უსაფრთხოების კუთხით უნდა დაეხმაროს:

"გერმანია ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და იმედი გვაქვს, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან თავიანთი საზღვაო ხომალდები აზოვის ზღვაში განათავსონ, რათა უკრაინას უსაფრთხოების მხრივ დაეხმარონ. ჩვენ რუსეთის ამ აგრესიულ პოლიტიკას ვერ მივიღებთ. ჯერ იყო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა მას აზოვის ზღვა სურს. გერმანიამაც უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: რას იზამს პუტინი შემდეგს, თუ ჩვენ მას არ შევაჩერებთ?" თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კი გაავრცელა უკრაინელი მეზღვაურების ვიდეოები, სადაც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ იცოდა უკრაინის ქმედებების "პროვოკაციული ბუნების" შესახებ და მათ მართლაც მიიღეს რუსული ძალების მხრიდან გაფრთხილება, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს მას. უკრაინულ მხარეს მიაჩნია, რომ მეზღვაურებს ეს ვიდეოები ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს და მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

უკრაინამ რუსეთი აზოვის ზღვაზე სრული კონტროლის გავრცელების მცდელობაში და უკრაინულ პორტებში გემების არ შეშვებაში აგვისტოშიც დაადანაშაულა.

კომენტარები