არჩევნები 2018

"ძალა ერთობაშიას" წევრები ცესკოში "ხმების დასაცავად" მივიდნენ

ტაბულა

ცესკოში "ძალა ერთობაშიას" წევრები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები დროულად გამოაქვეყნოს. 

ისინი აპირებენ, ხმების დათვლის დასრულებამდე ცესკოს შენობაში დარჩნენ. 

"რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, რატომ აგვიანებს ცესკო საიტზე ოქმების შეტანას. ამიტომ ვართ აქ, რომ მათ მოვუწოდოთ, ხელი აიღონ ყველანაირ გაყალბებაზე, ყველანაირ მანიპულაციაზე. როგორც ჩანს, არაფორმალური ბრძანება მიღებული აქვთ. პირველ რიგი, ვულოცავ ყველას, რომ ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა უარი თქვა მოღალატურ პოლიტიკაზე, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი, ქალბატონი ზურაბიშვილი ახმოვანებდა. შედეგები არის წარმოუდგენლად კარგი და იმედისმომცემი, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ არ იყოს მეორე ტური და ტენდენცია ისეთია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. იმიტომ რომ ასე უნდა ქართველ ხალხს", - თქვა ენმ-ის წევრმა, ნიკა რურუამ. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების გამოქვეყნება ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

ამ დრომდე მხოლოდ ეგზიტპოლების შედეგებია ცნობილი, რომელიც სამმა სხვადასხვა კომპანიამ ჩაატარა - Edison Research-მა რუსთავი 2-ის დაკვეთით, BCG-მ ევროპული საქართველოს დაკვეთით და ფსიქოპროექტმა ქართული ოცნების დაკვეთით. 

ქართული ოცნების დაკვეთილი კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. 

დანარჩენი ორი ეგზიტპოლის მიხედვით კი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან. 

უფრო კონკრეტულად: 

ქართული ოცნების დაკვეთით, კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ზურაბ ბიგვავას კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ზურაბიშვილმა 52,3% დააგროვა.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე გადის "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 28,1%, ხოლო მესამე ადგილზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე - 9,32%

რუსთავი 2-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის ჩატარდება, მათ თანაბარი 40-40% დააგროვეს.

ევროპული საქართველოს დაკვეთით, კომპანია "ბი-სი-ჯი"-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება. 

BCG-ის მონაცემებით, ანალიტიკური განაწილების შედეგად, ვაშაძემ 37% მიიღო, ზურაბიშვილმა 34%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. 

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო დაახლოებით 24:00 საათზე გამოაქვეყნებს. 

კომენტარები