არჩევნები 2018

ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილმა მთლიანი პოლიტიკური შემოწირულობების 96% მიიღო

ქართული ოცნების პრესსამსახური

ოქტომბრის პირველ ცხრა დღეში პოლიტიკური შემოწირულობის სახით სულ 1,620,657 ლარი გაიცა, საიდანაც 1,562,782 ლარი, ანუ 96% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. 3.4%-ით მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე და პარტია ევროპული საქართველოა. ევროპულმა საქართველომ ჯამში 56,000 ლარის შემოწირულობა მიიღო. 1%-ზე ნაკლები შემოწირულობით მესამე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.

ვინ არიან ზურაბიშვილის შემომწირველები

ზურაბიშვილს თანხა სულ 91 პირმა შესწირა, რაც ჯამში 1.56 მილიონ ლარს შეადგენს. შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, ქართული ოცნებიდან გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე. ასევე დედაქალაქის მერი, ბიძინა ივანიშვილის ძმა და ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგები. ზურაბიშვილმა კამპანია "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" ფარგლებში 8 პირისგან მიიღო 30 თეთრი.

1 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ბანკიდან" 1 მილიონი ლარის სესხი აიღო. 

გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ის ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდას არ აპირებს. 

სესხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვარვს. 

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

კომენტარები