ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

რადიო თავისუფლება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ წუთებში მასთან ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შედის, რომელმაც ტაბულას უთხრა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის გაუარესება, თუმცა ადვოკატი ამ ეტაპზე ამას არ ადასტურებს.

მისი თქმით, ეჭვებს ბადებს ის, რომ მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, თითქოს მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ექსპრემიერი ამდენჯერ გადაიყვანეს კლინიკაში.

"ამდენჯერ რომ გადაჰყავთ, კითხვებს აჩენს ჩვენთვის. გარდა ამისა, არ გვაძლევენ ისტორიებს, რა გამოკვლევები ჩაუტარეს, რაც ჩვენს ეჭვებს უფრო ამძაფრებს", - აღნიშნავს სტეფანე თუმანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე გააკეთეს განცხადება და არ გამორიცხეს მისი მიზანმიმართული ინტოქსიკაცია. საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები და მისი დიაგნოზებიც. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ მერაბიშვილი იმ სტანდარტის მკურნალობას იღებს, რასაც სხვა მსჯავრდებულები და განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს.

გარდა ამისა, ამ თემაზე გუშინ, 1 ოქტომბერს ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ის მძიმედაა. წულუკიანის თქმითვე, როცა ვანო მერაბიშვილმა სამედიცინო პერსონალთან დააფიქსირა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა.

კომენტარები