ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მისი პრეზიდენტად არჩევა სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხეა.
ბაქრაძე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 2008 წელს "საქართველომ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს".
ევროპული საქართველოს კანდიდატი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს პრეზიდენტად იმ ადამიანის არჩევას, რომელიც რუსულ პროპაგანდის ტექსტებს იმეორებს.
"მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ადამიანების განდევნა და ეთნიკური წმენდა არის დადასტურებული დანაშაული, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ამ დანაშაულის საქართველოსთვის გადმობრალება და რუსული პროპაგანდის ტექსტის პირდაპირ გამეორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა შეიცავს საფრთხეს ქართული სახელმწიფო ინტერესისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, არამედ პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას", - ამბობს დავით ბაქრაძე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც 2008 წლის ომის დაწყებაში ზურაბიშვილმა საქართველო დაადანაშაულა.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა, მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს.




