პარლამენტის საგამოძიებო კომისია

გახარია: ის, რომ 2 კვირა არავინ დაკითხულა, არ იყო შეცდომა, ეს სტრატეგიაა

პარლამენტი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს კითხავენ. 

კომისიის წევრებმა მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს კითხვები საქმის გამოძიების მიმდინარეობისას გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შეცდომებზე დაუსვეს. მათ შორის იმაზე, რომ 2 დეკემბრის შემდეგ თითქმის 2 კვირის განმავლობაში არც ერთი არასრულწლოვანი არ დაუკითხავს.

სერგი კაპანაძემ შს მინისტრს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ ეს შესაძლოა გამოძიების შეცდომა ყოფილიყო, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ეს არა შეცდომა, არამედ სტრატეგიის ნაწილია. 

სერგი კაპანაძე: "გასაგებია, რომ 2 ადამიანი დააკავეთ და ეს თქვენ გააცხადეთ, როგორც წარმატება და როგორც ის, რომ ყველა ძირითადი ფიგურანტი არის გამოვლენილი. ამ განცხადებით თქვენ ხომ არ შექმენით განცდა თქვენს უწყებაში, რომ მეტზე არავისზე გასვლა აღარ იყო საჭირო და არავის დამატებით გამოვლენა არ იყო ხელმძღვანელის მითითება. ამით ხომ არ არის განპირობებული ის შტილი, რომელიც დაახლოებით 10 დღე-2 კვირა გაგრძელდა. ეს ხომ არ იყო გარკვეული შეცდომა, რომელმაც განაპირობა თუნდაც ის, რომ გამოძიებას მერე დრო არ ეყო, რომ იმთავითვე გამოევლინა კიდევ დამატებითი პიროვნება".

გიორგი გახარია: "ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს გამოძიება არის რთული და მას აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი მართლაც გახლავთ 1-ლი დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე. გამოძიებას ჰქონდა 35 დღე, რეალურად, პირველი დაკავებიდან მეორე დაკავებამდე იყო 4 დღე და ყველას გახსოვთ, რამხელა ემოციური ფონი იყო, იმიტომ რომ მართლაც იყო რისკი ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავის ქვეყნიდან გასვლის. რეალურად გამოძიებას ჰქონდა 29-30 დღე. 

ამის შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც გამოძიება ჩართული არ იყო. იმიტომ რომ ქვეყანაში ბრალმდებელი გვყავს მთავარი პროკურატურა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი ფიგურანტები იყენებდნენ დუმილის უფლებას და სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს გარკვეული ჩვენებები, სადაც პირველად გაჩნდა რეალურად პირდაპირ ჩვენებით მირზა სუბელიანის მიმართ რეალურად რაღაცა. 

ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო და გამოყოფილი საქმე ამოქმედდა აქტიურად და სრულად. სწორედ ამიტომ გაგრძელდა ის დაკითხვები, რომლებზეც ახლა თქვენ სწორად აკეთებთ აქცენტს, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციას აძლევთ. 

ეს არ არის იმიტომ, რომ იყო შეცდომა, ეს არის იმიტომ რომ იყო სტრატეგია გამოძიების არჩეული შემდგომ". 
 

საქმის მიმდინარეობა და დეტალები
 

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ორი მოზარდი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია
 

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

მის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი გარემოებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც არასრულწლოვნების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა. შსს-ს განცხადებით კი, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავთ.

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები