პარლამენტის საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისია: ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიება მიკერძოებულად ჩატარდა

პარლამენტი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეს და ამ საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას შეისწავლის, დღეს დასკვნაზე მსჯელობს. 

სხდომებს ორი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ისინი კომისიის მუშაობას დღეს შეუერთდნენ. 

დასკვნის მიხედვით, კომისიამ საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის ფიგურანტების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მ.კ.-ს და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომისიის მიერ გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

ეს დასტურდება, როგორც კომისიის მიერ მიღებული ახსნა-განმარტებებით, ისე იმ მრავალი დარღვევით, რაც პირდაპირ მიუთითებს გამოძიების ტენდენციურობაზე.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

  • გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;
  • გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;
  • გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

კომისიამ საქმეზე დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გუშინ, 2  სექტემბერს გამოაქვეყნა, მასში სკოლებში უსაფრთხოების შესახებ არის საუბარი. კომისიამ მიუთითა, რომ "ხორავას ინციდენტში მონაწილეებში აგრესიული ფონი გაზრდილი იყო და ეს ორივე სკოლამ იცოდა", ასევე, "სკოლებში გაზრდილია აკრძალული ნივთების მოხმარება, გაპარვა, გაკვეთილის ჩაშლა". 

ასევე, გამოავლინა ახალი გარემოებები ​ბრალდებული მ.კ-ს მიერ ე.წ. ტარის ფლობაზე. 

კომენტარები