ნარკორეალიზატორი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათი ჩხრეკისას ორი შეკვრა ჰეროინი და სამი შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს. 

"1982 წელს დაბადებული მ.ჩ. რუსთავში, ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში დააკავეს. სამართალდამცველებმა, რუსთავში დაკავებული მ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდაბნის რაიონში დაკავებული მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას კი 3 შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება მ.ჩ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, ხოლო მ.ბ.-ს მიმართ იგივე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები