მთავარი პროკურორი

მთავარი პროკურორობის პირველი კანდიდატები უკვე წარადგინეს  

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი პროკურორობის პირველი კანდიდატები უკვე წარადგინეს. ესენი არიან პაატა შავაძე და ზურაბ ჯორბენაძე. შავაძე 18-მა ორგანიზაციამ და პირმა წარადგინა, ჯორბენაძე ერთმა ორგანიზაციამ.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე მათი მონაცემები უკვე ატვირთულია. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საიტზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატის შესახებ - http://pc.gov.ge/block/Index/468

მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

იუსტიციის მინისტრმა და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები გუშინ დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთაგან ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა და ამავე წლის ნოემბერში მთავარი პროკურორის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების აქციების შემდეგ დატოვა.

კომენტარები