იუსტიის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდიანარეობს, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა აირჩიონ. სამიდან ერთერთმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. სხდომის დაწყებამდე ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ, რომელიც საბჭოს წევრიცაა, დააყენა ინიციატივა, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, რადგან საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა თუ რა კრიტერიუმებით აარჩევდა საბჭო კანდიდატს.
ამ ინიციატივას საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ოთარ კახიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და შალვა შავგულიძემაც კანდიდატურა მოხსნა.
მათი თქმით, საპროკურორო საბჭოს სხდომა და კანდიდატებთან გასაუბრება ფორმალური პროცესია და წინასწარ არის გადაწყვეტილი, რომ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იქნება.
"პროკურატურის შესახებ კანონში ნათქვამია, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო. ეს პრინციპი გამეორებულია უკვე კონსტიტუციის ახალ რედაქციაში კონსტიტუციურ პრინციპად. მაშინ როდესაც, საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობასაც კი არ წარმართავს გამჭვირვალედ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება და ნათელია თუ როგორ უზრუნველყოფს ის პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობას. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სხდომა ყოფილიყო გახსნილი მედიისათვის, რაც არ დაკმაყოფილდა. მაშინ როდესაც ხელისუფლებამ არ მოისურვა დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პროცესისთვის, ჩემი მონაწილეობა ამ მოვლენებში იქნებოდა დემოკრატიულობის ანტურაჟი, თითქოს საპროკურორო საბჭო იხილავს ოპოზიციური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აქედან გამომდინარე მე მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ მოვხსნა კანდიდატურა. როგორ შეიძლება დავეხმარო ხელისუფლებას იმ ანტურაჟის შესაქმნელად, რომ თითქოს საკითხი დემოკრატიულად წყდება და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ არის უკვე არ არის მიღებული ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც საბჭო უბრალოდ გააფორმებს." - თქვა შალვა შავგულიძემ.
იუსტიციის სამინისტრომ საბჭოს სამი კანდიდატი წარუდგინა, ესენია შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორის პოსტზე ევროპულმა საქართველომ წარადგინა.
მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა. შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა.