ხორავას ქუჩის საქმე

წულუკიანი ხორავას ქუჩის საქმეზე: გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს

პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები მათ იმაში, რომ აუცილებლია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს, ერთის მხრივ საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, თუმცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი.

როდესაც ჩვენ ვამბობთ ყველანი ერთად, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას უნდა, ჩვენ ყველამ გამოვუცხადოთ ნდობა... ყველამ, არა მხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემ გვერდით დადექითო. მე მინდა, დღეს პირადად მას ვუპასუხო -  ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენ გვერდით. შესაბამისად - "გამოდი, შემხვდი ქუჩაში, გამოვიძიოთ ქუჩაში საქმე "- ეს არის საქმე, რომელიც არის მკვლელობის საქმე, რომელიც არ არის უბრალოდ მკვლელობის საქმე, ეს არის ბავშვთა მკვლელობის საქმე. ამიტომაც ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება.

გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა. გამოძიებას შეუძლია, მხოლოდ ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში, რასაც მას მოუტანენ მოწმეები. შესაბამისად, მოწმეებთან მუშაობა არის კიდევ ერთხელ საჭირო და ამაში სწორედ ბატონ ზაზა სარალიძეს შეუძლია, ფასდაუდებელი როლი თვითონ ითამაშოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები