თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ წიგნის წლევანდელ ფესტივალზე?

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეოცედ - 31 მაისიდან - 3 ივნისამდე - "ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

ფოკუს ქვეყანა გერმანიაა. ფესტივალში, ისტორიაში პირველად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყანას მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება და ფესტივალზე საკუთარ სტენდსაც წარმოადგენს.

ფესტივალი ასევე უმასპინძლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას. ავტორები მკითხველსაც შეხვდებიან.

ფესტივალის გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება. ცნობილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის საპატიო სტუმრების ვინაობაც - გამომცემლობა "ინტელექტის" ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ფესტივალზე ჩამოვლენ და მკითხველებს შეხვდებიან ცნობილი რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი და ნორვეგიელი მწერალი ბერნარ ლ. მორი, ასევე გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.

წიგნის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს წლევანდელ ფესტივალზე სიურპრიზი ელოდებათ, ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით "გიკი გოგოს" ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წიგნის ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 და მე-6 პავილიონებში გაიმართება. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში, კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს. ოფიციალური გახსნა გაიმართება 31 მაისს, 13:00 საათზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

თბილისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ახალი გამოცემებიც, იხილეთ კატალოგები:

კომენტარები