თბილისის ზოოპარკი

ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. მათ ბელის პოვნის შესახებ ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურედან მოქალაქემ მიაწოდა.

"გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა მითითებულ ადგილზე დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს.

ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება  მიზანშეწონილი არ იყო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და  ზოოპარკს მიაბარეს" - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს.

"ეს დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. ხოლო, როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ" - განმარტავს გარემოს ზედამხედველობის სამსახური.

კომენტარები